პარლამენტმა თავისი თავი არდადეგებზე წასულად გამოაცხადა – კობერიძე

პარლამენტმა თავისი თავი რატომღაც არდადეგეზე წასულად გამოაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, რომ დასვენება უფრო მეტი გვჭირდებოდა, ვიდრე – მუშაობა, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„გაუგებარია, რატომ თქვა პარლამენტმა სამუშაო რეჟიმზე უარი, მათ შორის კომიტეტშიც არ შეინიშნებოდა აქტიურობა. პარლამენტმა თავისი თავი, რატომღაც, არდადეგებზე წასულად გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს საგანგებო სხდომაზე იკრიბება პარლამენტი და ამ დროს, ბიურომ უნდა დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა. ბიურომ რატომღაც მიიღო უცნაური დადგენილება, სამოქმედო გეგმის ნაცვლად, რომელიც უნდა ყოფილიყო ორიენტირი პარლამენტის, კომიტეტების, ცალკეული პარლამენტარების სამუშაო პროცესის, ამის ნაცვლად ერთსულოვნად დაუჭირა მხარი იმას, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს გადაეცა სრული უფლებამოსილება თვითონ, მისი შეხედულებისამერ განესაზღვრა პარლამენტის მუშაობა – არმუშაობა. ბატონმა არჩილმაც გადაწყვიტა, რომ ამ პირობებში უფრო მეტი დასვენება გვჭირდებოდა, ვიდრე მუშაობა და მხოლოდ, როდესაც უმრავლესობა ჩათვლიდა, რომ მისთვის სასურველი კანონპროექტებია გამოსატანი, ამ დროს ხდება ხოლმე შეკრება, რაც სამწუხაროა. დარჩა აღქმა, რომ პარლამენტი არდადეგებზეა და დღეს დაბრუნდა, ყოველ შემთხვევაში კომიტეტი, რაც ინსტიტუციონაურ განვითარებას არ უწყობს ხელს“,- განაცხადა კობერიძემ.