პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით მიიღეს.  კანონპროექტს მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პირველი მოსმენის შემდეგ პროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა. მათ შრის, დაკონკრეტდა, რომ საარჩევნო უბნიდან 25-მეტრის რადიუსში ამომრჩეველთან მიახლოება და მისი შეფერხება დასჯადი ქმედება არ იქნება მედიისა და ეგზიტპოლების ჩამტარებელი ორგანიზაციებისთვის.

„ასევე, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით გიგა ბუკიას ინიციტივა იყო, რომ არადისკრიმინაციული მიდგომა განხორციელებულიყო როგორც კვალიფიციურ, ასევე, არაკვალიფიციურ სუბიექტებზე და ამასთან დაკავშირებითაც გვექნება დაზუსტება. რედაქციას წარმოგიდგენთ უშუალოდ მესამე მოსმენის დროს,“- განაცხადა კობახიძემ.

ასევე აღსანიშნავია, რომ კოდექსში აღარ იქნება ასახული ნორმა, რომლის თანხმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ენიჭება ფართო დისკრეციული უფლებამოსილება მედიის ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის კუთხით. შესაბამისად, პროექტში აღარც სანქციაა გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 29 ივნისს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებების კანონპროექტს მხარი დაუჭირა. საპარალმენტო არჩევნები 120/30 პროპორციით ჩატარდება – 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესის, 1%-იანი ბარიერით აირჩევს, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.