პარლამენტმა კანონპროექტს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გარეშე მთავრობას შეზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლებას აძლევს, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო. ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
მისი საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობას ექნება უფლება, შეზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.
ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანონპროექტს არაკონსტიტუციურად და ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ და მის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.