პარლამენტმა საგანგებოს გარეშე შეზღუდვების კანონპროექტს მხარი მე-2 მოსმენით დაუჭირა

პარლამენტმა კანონპროექტს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გარეშე მთავრობას შეზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლებას აძლევს, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო. ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

გუშინ ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, ის ნორმები, რაზეც პარლამენტმა დღეს იმსჯელა, გარდამავალ დებულებებში დროებით ნორმებად ჩაიწეროს და ძალაში 15 ივლისამდე იყოს. კანონი ამ დათქმით მიიღეს.

მისი საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობას ექნება უფლება, შეზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანონპროექტს არაკონსტიტუციურად და ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ და მის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.