პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა-120 პროპორციული/30 მაჟორიტარული სისტემა მიღებულია

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებას მესამე მოსმენით უყარა კენჭი და მიიღო. მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული სისტემით და 30 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება.  საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3  –მა ხმა წინააღმდეგ მისცა.

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს. დგინდება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების მარჟა, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან და თანმიმდევრულად გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.