პარლამენტმა 20 ივნისის ამნისტიის “ოცნების” კანონპროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის აქტი მიიღო. კანონპროექტი მესამე მოსმენით, 79 ხმით 15-ის წინაღმდეგ დამტკიცდა.

“ამნისტიის შესახებ“ პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს.

ამნისტია გავრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა. პირი, ვის მიმართაც ამნისტია გავრცელდება, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.

ამნისტია არ გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 144¹-144³ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, წამებასა და დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

აღნიშნული ამნისტიის შესახებ ოპოზიციის ნაწილი და ქართული ოცნება 19 აპრილის ხელშეკრულებით შეთანხმდნენ.