პარლამენტში არშესვლა ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რაც წარსულში ოპოზიციამ დაუშვა და არ შეიძლება ამ შეცდომის გამეორება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“2 მილიონი ამომრჩეველი, ვირუსის საფრთხის ქვეშ, რისკის ფასად, მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა პოზიცია. ვიდრე პარტიები იტყვიან, რომ ეს დღეს არ ითვლება, ჯერ უნდა გააკეთონ ყველაფერი, იმისთვის, რომ სწორად დაითვალოს მონაცემები და თუ სადმე პრობლემა იყო ან გადაითვალოს ის უბნები ან გაბათილდეს იმ კონკრეტულს უბნებზე შედეგები, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება თავიდანაც ჩატარდეს. ჯერ-ჯერობით ეს მცდელობები არ ჩანს.
ამ არჩევნებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია უკვე აქვს და ამ პირობებში მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარს ვერც ამომრჩეველი გაიგებს და ვერც საერთაშორისო პარტნიორები.
პარლამენტში არ შესვლა კი, ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რაც წარსულში ოპოზიციამ დაუშვა და არ შეიძლება ამ შეცდომის გამეორება. არ შეიძლება ხელისუფლება მარტო დატოვო პარლამენტში ყოველგვარი ოპონირების და კონკურენციის გარეშე (ეს უკვე ვქენით ერთხელ და კარგით არაფრით დასრულდა). დღეს ოპოზიციას იმაზე მეტი მანდატი აქვს მოპოვებული ვიდრე ოდესმე და დღევანდელი კანონმდებლობით არსებული საკონტროლო მექანიზმების გათვალისწინებით, პარლამენტში ეს მანდატები იმაზე დიდი ძალაა ვიდრე ოდესმე.
ამ ყველაფრის გამოყენების ნაცვლად უბრალოდ იმის თქმა, რომ არ ითვლება 31 ოქტობრის დღე მძიმე შეცდომა იქნება”, – წერს ჩუგოშვილი.