პარლამენტში დაშვების შეზღუდული რეჟიმი ამოქმედდა – დღეს გომელაურს მოუსმენენ

დღეს საქართველოს პარლამენტს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ეწვევა, ამის პარალელურად კი პარლამენტმა შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედა.

საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, მედიის წარმომადგენლების დაშვება ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე.

“18 ივლისს, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა, რომელთა დაშვება ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა”. – წერია განცხადებაში.

პარლამენტი გომელაურს 5-6 ივლისის მოვლენების შესახებ მოუსმენს. რიგგარეშე სესია 12:00 საათზეა ჩანიშნული. გუშინ ჟურნალისტებმა აქციაზე გააჟღერეს, რომ ეცდებოდნენ პარლამენტში მისვლასა და მინისტრისთვის კითხვების დასმას.