პარლამენტში დღეისთვის დაგეგმილი სხდომები გაუქმდა. შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე გამოცხადდა

დღეს 2 მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები – ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება. შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე გამოცხადდა, რომელიც  2 მაისს, 14.00 საათამდე იმოქმედებს.

მიზეზების შესახებ პარლამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:

„1 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა, შესაბამისად დღეს, 2 მაისს, პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება. ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის სასახლეში, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები“.

წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა.

როგორც პარლამენტის განცხადებაში წერია, 2 მაისს, 14:00 საათის შემდეგ, გაუქმდება წითელი დონე და დაიწყებს მოქმედებას ყვითელი დონე, რა დროსაც  შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები.

1 მაისს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო.

პარლამენტმა „აგენტების კანონის“ საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა.

გუშინ პარლამენტთან ათეულათასობით ადამიანი შეიკრიბა რუსული კანონის გასაპროტესტებლად.