პარლამენტში, სადაც ღარიბაშვილს მოუსმენენ, დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

პარლამენტის შენობაში, სადაც დღეს დაგეგმილ პლენარულ სესიაზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ, დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. პრემიერის მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.

“30 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა აკრედიტებული საპარლამენტო მედიის წარმომადგენლებისა”, – წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთანავე, პარლამენტთან მოქალაქეები პროტესტის ნიშნად იკრიბებიან.

“დღეს ძალიან სასაცილო იქნება პრემიერმინისტრისგან იმის მოსმენა რასაც დარწმუნებული ვარ, რომ იტყვის. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ახსენებს 12 პუნქტს, რომ ყველაფერს ასრულებენ, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ რუსულ დაკვეთას. ჩვენ რაც შეგვიძლია, უბრალო მოქალაქეებს ის არის, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და მას ვაგრძნობინოთ, რაც რასაც ის საუბრობს არ არის ის რასაც ხალხი ითხოვს. ის არის მატყუარა, ის არის ირაყლი და მან ეს სახელი დაიმსახურა.

ჩვენ ვეცდებით რაღაცნაირად გავაგებინოთ და ამ დაკომპლექსებულ პრემიერს კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ არის არა ირაკლი, არამედ ირაყლი და არის რუსეთის და ივანიშვილის მიერ მართული მონა”, – თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა.