პარლამენტში შემსვლელი 5-6 “ოპოზიციონერის” კეთილების დისერტაციაზე სამუშაო გვექნება – ოქრუაშვილი

გამარჯვებული საქართველოს ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, 5–6 ოპოზიციონერი პარლამენტში შევა.
“კარგად მოემზადეთ, მომდევნო კვირიდან მძიმე სამუშაო გვექნება, პარლამენტში შემსვლელი 5-6 “ოპოზიციონერის” კეთილების დისერტაციაზე. თურმე ციხეში იმისთვის ვიჯექით, რომ ესენი ბიძინას კალთაში თბილად ჩამჯდარიყვნენ…”,– წერს ოქრუაშვილი ფეისბუქზე.

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ოპოზიციაში “მამაძაღლობებს” ხედავს. ის ოპოზიციონერ კოლეგებს, ვისაც პარლამენტში შესვლა უნდა, მოუწოდებს, გამოვიდნენ და ეს საჯაროდ თქვა, ოღონდ პასუხისმგებლობაც მათი იქნება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

გუშინ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ელჩების შუამავლობით მე–3 შეხვედრა გაიმართა, რომლის დეტალებზე ფორმატიდან გამომდინარე არ საუბრობენ. მე–4 შეხვედრა სავარაუდოდ დღეს გაიმართება.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი პარტიის წევრებს უნდათ პარლამენტში შესვლა.