“მხოლოდ შემიძლია, ჩემი აზრი ვთქვა – პარლამენტში შესვლას უპირობოდ არავინ დათანხმდება, ცხადია”,– ასე ეხმიანება ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებას.
მისი თქმით, ვერ ხედავს შესაძლებლობას, რომ 31 ოქტომბრის გაყალბება გასწორდეს.
“ქუჩის პროტესტი გაგრძელდება. პროტესტი აიძულებს ხელისუფლებას, დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, დასავლეთის შუამდგომლობით. შეთანხმების პირობა უნდა იყოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ცესკოს ახალი შემადგენლობა.
თუ ტექნიკურად არსებობს შესაძლებლობა არჩევნების შედეგების გასწორების ისე, რომ ხალხის არჩევანი აისახოს შედეგებში, მე პირადად განვიხილავდი ამ შესაძლებლობას. მაგრამ დღეს, ვერ ვხედავ, რომ განმეორებითი არჩევნების გარდა რაიმეს შეუძლია, გაასწოროს ის გაყალბება, რაც ოცნებამ დაატრიალა 31-ში. ასეთ ტექნიკურ შესაძლებლობას ვინმე თუ წარადგენს, ამ მესამე პუნქტთან მიმართებით მე დავიტოვებდი მოლაპარაკებებისთვის სივრცეს…”,– აცხადებს სამადაშვილი.
დღეს გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, პროცესი ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ, რასაც მისივე თანაგუნდელების და სხვა ოპოზიციური პარტიების კრიტიკა მოჰყვა.
ამის შემდეგ მან განმარტება გაავრცელა და თქვა, რომ მოქალაქეებმა პროტესტი უნდა გააგრძელონ, ოპოზიცია კი, თუ ქართულ ოცნებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, პარლამენტში არ უნდა შევიდეს.