“პარლამენტში შესული პარტიები ისეთი ხალისით ჩაერთნენ ამბებში, თითქოს არანაირი პრეისტორია არ ყოფილა”- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
,,ოპოზიციის მორიგი სიბრიყვე იქნება თუ ისინი მთავარ სამიზნედ ამოიჩემებენ გახარიას და „თვალთხარიაზე“ ააწყობენ საკუთარ კამპანიას. აქეთ კიდევ ვასაძეს ფაშისტს დაუძახებენ, ეს იქნება მორიგი სიბრიყვე. გახარია და ვასაძე ოპოზიციის სიტუაციური მოკავშირეები უფრო არიან, ვიდრე მათი ოპონენტები.
მათ აქვთ სახის შენარჩუნების ამოცანა, ისევე როგორც ელისაშვილს. ელისაშვილის ტექსტებით დაიწყეს ლაპარაკი, მისი მოტივიც იგივე იყო, როდესაც ამბობდა, რომ „ჩიტი ვეღარ გაფრინდება არჩევნებზე“ ისეთ კოდექსს მივიღებო. ამას აკეთებდა იმიტომ, რომ გაემართლებინა თავისი შესვლა, ამათაც ეს მოტივი აქვთ.
ხალხის პრობლემები და პოლიტიკური ელიტის პრობლემები აცდენილია ერთმანეთისგან. პარლამენტში შესული პარტიები ისეთი ხალისით ჩაერთნენ ამ ამბებში, თითქოს პრეისტორია არ ყოფილა. ის 6 თვე რას აკეთებდნენ, რატომ იყვნენ ქუჩაში, თუ ასეთი კონსტრუქციულობანას თამაში იყო მათი ამოცანა, შესულიყვნენ პირველივე დღიდან. ისე ვატყობ, რიგგარეშე არჩევნები აღარც აინტერესებთ იმ მცირე პარტიებს, რომლებიც იქ არიან. ჯერჯერობით რასაც ვისმენთ ეს არის ჭიდაობა მერის არჩევნებზე, თუ ამოცანა არის ის, რომ ხელისუფლებამ ვერ გადალახოს 43%-იანი ბარიერი, ეს არის აბსოლუტურად სხვა სტრატეგია და არა იწილო-ბიწილო მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით. მე არ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ცუდია, მაგრამ ჯერ კიდევ ვართ პროცესის შუაში და აცდენა პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებას შორის არის ძალიან მაღალი.” – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.