პარტია, რომელიც უარს იტყვის პროგრესზე, აღმოჩნდება აუტსაიდერებში – იონათამიშვილი ოპოზიციაზე

უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ის პარტია, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილების განხილვაში და მის მიღებაში მონაწილეობას არ მიიღებს, ავტომატურად აღმოჩნდება “აუტსაიდერი”.

დეპუტატის თქმით, მას იმედი აქვს, რომ საკონტიტუციო ცვლილებები შედგება და საარჩევნო სისტემა შეიცვლება.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე კვირას გაიმართება რიგგარეშე სხდომა, რომელზეც გავა საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი პირველი მოსმენით. ცხადია ყველა მონაწილეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს რეფორმა შედგება და ის პოლიტიკური პარტია, რომელიც უარს იტყვის, რომ ამ წარმატების და პროგრესის მონაწილე იყოს, ავტომატურად აღმოჩნდება აუტსაიდერებში“, – განაცხადა იონათამიშვილმა ფორმულასთან საუბარში.

დღეს, 19 ივნისს, საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების საკომიტეტო განხილვა გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებამდე საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობას არ აპირებს. ისინი გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.