პარტია Forza Italia ემიჯნება ბჟანიას მონაწილეობით გამართულ პრესკონფერენციას

საქართველოს საგარეო სამინისტროს განცხადებით, დიპლომატიური არხების მეშვეობით აქტიური კომუნიკაცია ხორციელდება იტალიის მხარესთან მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ იტალიის პარლამენტში 9 თებერვალს გაიმართება დეპუტატ მატეო დალოსოს პრესკონფერენცია თემაზე „ერების თვითგამორკვევის უფლება – აფხაზეთი და დიდი ევროპა“, სადაც ონლაინ ჩაერთვება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი ასლან ბჟანია.

საგარეოს ცნობით, იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

“იტალიის მხარეს არაერთხელ გაუკეთებია იტალიის ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმების უკანონო აქტივობების დამგმობი ოფიციალური განცხადება.

რაც შეეხება აღნიშნულ პოლიტიკოსს, მატეო დალოსო ცნობილია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტებით. ის აქამდეც აქტიურად მონაწილეობდა რეჟიმის წარმომადგენელთა პროვოკაციულ ქმედებებში.

პოლიტიკოსის აღნიშნულ ნაბიჯს ამჯერადაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება ოფიციალური რომის მხრიდან“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

აღნიშნულ პრესკონფერენციას გამოეხმაურა პარტია “Forza Italia” და განმარტა, რომ ის მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის, დალ’ოსის პირადი ინიციატივა იყო, თავად პარტია კი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„შევიტყვეთ დეპუტატ დალ’ოსოს მიერ დღეს გამართული პრესკონფერენციის შესახებ, რომლის თემა იყო „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება: შესათანხმებელ პრინციპებსა და იდენტობის დაცვას შორის. აფხაზეთი და დიდი ევროპა“. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვაცხადებთ, რომ საქმე ეხებოდა დეპუტატ დალ’ოსოს გამოკვეთილად პირად ინიციატივას, რაც არ ასახავს არც იტალიის სახელმწიფოს და არც პარტიის “Forza Italia” პოზიციას.

ჩვენი ქვეყნის მიერ მუდმივად გატარებულ პოლიტიკასთან თანხვედრაში, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებს, და არც მათ წარმომადგენლებს, რომლებთანაც კონტაქტს არ მივიჩნევთ მართებულად.“ – აღნიშნავს სპეციალურ განცხადებაში პარტიის “Forza Italia“ საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი დეპუტატი ვალენტინო ვალენტინი.