პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი IPN-თან საუბრისას ამბობს, რომ ქართული ოცნების წევრები ცდილობენ ოპოზიციური პარტიები დააშინონ, რომ თუ ისინი პარლამენტში არ შევლენ, დაფინანსებას ვერ მიიღებენ. ხუყ
ხუხაშვილის შეფასებით, ხელისუფლება ახლა პარტიებზე ზეწოლისთვის სუსტი წერტილების მოძებნას ცდილობს, რომელთა შორისაა ფინანსური შეზღუდვა, შეიძლება ასევე ადგილი ჰქონდეს პირიქით მოქმედებებსაც – მაგალითად, პარტიის წარმომადგენლების ჩრდილოვანი ფულით დაინტერესებას, ასევე ოჯახის წევრით შანტაჟს და სხვა მეთოდების გამოყენებას.
მისივე თქმით, ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ის ქვეყანას სტერილურად ვერ მართავს, ლეგიტიმაცია არ ექნება და ადრე თუ გვიან, იმ ტიპის მძიმე კრიზისი მოხდება, რაც მათ წალეკავს.
“განცხადებები სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტაზე ერთადერთი მიზნით კეთდება – მოძებნონ ბერკეტები იმისა, რომ პარლამენტში ვიღაც შეათრიონ. მიზანი არის, რომ ზოგი აცდუნონ, ზოგი -შეაშინონ, ზოგს რაღაცაზე მოელეპარაკონ. ერთია ის, რაც საჯაროდ კეთდება და მეორე, რა მოქმედებებს ატარებენ კულისებში, სპეცსამსახურების მეშვეობით. ჯერჯერობით სუსტი და არაფრის მომცემი მუქარების ამოცანა არის ერთადერთი – პარლამენტში როგორმე ვიღაც შეათრიონ!
კი ამბობენ, რომ ყველაფერი წესრიგშია და 90-წევრიანი პარლამენტი მშვენივრად იმუშავებს, მაგრამ ჩვენ ხომ გვესმის, რომ ეს იმის ტოლფასია უმაღლეს ლიგაში ფეხმოტეხილი ფეხბურთელები ათამაშო. პარლამენტი ამ სახით ლეგიტიმური ვერ იქნება. ხელისუფლებამ ეს მშვენივრად იცის, ამის ეშინია და ცდილობს, ასეთი მეთოდებით ვიღაც შეიტყუოს“, – თქვა ხუხაშილმა IPN–თან.
მანვე აღნიშნა, რომ თუ ოპოზიცია მონოლითურობას შეინარჩუნებს და ერთ გზაზე სიარულს განაგრძობს, პარლამენტში როგორც შესვლის, ასევე არშესვლის შემთხვევაში, პოლიტიკური კრიზისი და რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალი იქნება.
დღეს ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ შესაძლოა, პარლამენტმა იმსჯელოს იმ საკითხზე, უნდა მიიღონ, თუ არა სახელმწიფო დაფინანსება იმ პარტიებმა, რომლებიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ და მანდატებზე უარს ამბობენ.
“ცვლილებების, რომლის მიხედვითაც, თუ პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის მანდატებს, ამ შემთხვევაში მას უარი უნდა ეთქვა სახელმწიფო დაფინანსებაზეც”. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.