თუ ბატონი ფრიდონ ინჯია დათანხმდება პარლამენტში შესვლას, მაშინ მას პარტიის დატოვება მოუწევს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.
„სასწრაფოდ, გუშინ დასვენების დღეს შეიკრიბა საპროცედურო კომიტეტი, დაგვიკავშირდნენ, გვთხოვეს დადასტურება ჩვენი განცხადების, ხომ არ გადავიფიქრეთ? ჩვენ, რა თქმა უნდა დავუდასტურეთ, რომ ძალაშია ჩვენი განცხადება, თუმცა ეს განაპირობა „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნების გაყალბებამ და არა იმან, რომ ჩვენ პარლამენტში შესვლა არ გვინდოდა და არ გვინდოდა საპარლამენტო საქმიანობა. ჩვენი ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია „ქართული ოცნების“ უკანონო ქმედებით, არჩევნების გაყალბებით. „ქართულ ოცნებას“ ვარწმუნებ, რომ სამი ან ოთხი დეპუტატის შესვლა ამ უკანონო პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ შემატებს. დღეს ჩვენ ვართ მომსწრე იმასა, რომ „ქართული ოცნება“ არღვევს რეგლამენტს და კონტექსტიდან მოწყვეტით გადის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.
„ქართული ოცნების“ მმართველობის სტილი ძალიან ჰგავს ბოლშვეკური მმართველობის სტილს, ეს არის ჩვენი სამაგალითო დასჯის მცდელობა, მაგრამ „ქართულ ოცნებისგან“ ეს უკვე აღარ გვიკვირს. ჩვენ არ მოგვწონდა წინა რეჟიმის მმართველობის სტილი, ჩვენთვის ის მიუღებელი იყო, მაგრამ მე ვსაუბრობდი პარლამენტის ტრიბუნიდან, რომ შეიქმნა, დაიბადა, ჩვენ თვალწინ, ახალი პოლიტიკური ცხოველი, მუტანტი, ძველი რეჟიმი შეერწყა ახალს, ერთი გახდა ეს ყველაფერი და დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ ტოტალურად გაყალბდა არჩევნები, მითვისებულია ხელისუფლება, დღეს პარლამენტი უხეშად არღვევს კანონმდებლობას და ვითომ არაფერი და ეს არის დემოკრატიული სახელმწიფო?“ – განაცხადა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, ცესკო-ს ვებგვერდზე 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულებით ირკვევა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამ წევრს, ფრიდონ ინჯიას, გელა მიქაძეს და დავით ზილფიმიანს სიიდან ჩახსნის თაობაზე ცესკო-სთვის არ მიუმართავს.