“Tbilisi pride” ეხმიანება საჯარო რეესტრის მიერ ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი ჯგუფის, “ალტ-ინფოს” მიერ შექმნილი პოლიტიკურ პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” დაარეგისტრირებას. ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს, შექმნან საგამოძიებო კომისია 5 ივლისის საქმეზე, რომლის ორგანიზატორიც სწორედ აღნიშნული ჯგუფი იყო.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ “ალტ-ინფოს” მიმართ სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და ინსტიტუტების მიერ გატარებული პოლიტიკა – ულტრამემარჯვენე რადიკალიზაციისა და ძალადობრივის ექსტრემიზმის პრევენციის პოლიტიკის არარსებობა, მათი დანაშაულების დაუსჯელობა, ძალადობის ირიბი წახალისება, და ბოლოს, მათი პარტიად რეგისტრაცია – არის უდიდესი ჩავარდნა როგორც ადამიანის უფლებების, ასევე უსაფრთხოების სფეროში.
“ალტ-ინფოს” ლიდერებმა არაერთი სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, თუმცა სახელმწიფო უწყებები მათ არ სჯიან, რადგან თავად არიან 5 ივლისის ძალადობის თანაორგანიზატორები. Სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, შექმნან დროებითი საგამოძიებო კომისია 5 ივლისის მოვლენებზე და ამავდროულად, ყველა სხვა საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებით, ხელი შეუშალონ საქართველოში ღიად ძალადობრივი და ანტი-სახელმწიფოებრივი ძალების გაძლიერებას.
ჩვენ არ შევეგუებით უსამართლობას და ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღსადგენად”,– წერს თბილისი პრაიდი.
მათივე შეფასებით, “ალტ-ინფო” საქართველოში რუსეთის იმპერიული ინტერესების ერთ-ერთი სახეა.
“ალტ-ინფო” აცხადებს, რომ მათი მიზანია ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, თუმცა ისინი თავად წარმოადგენენ საფრთხეს საქართველოსთვის – ერთი მხრივ, როგორც ულტრამემარჯვენე ძალადობრივ-ექსტრემისტული ჯგუფი და მეორე მხრივ, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი”,– აღნიშნავს TBILISI PRIDE.