“საერთოდ სხვანაირად იფუთება თემა, დიდი გაუგებრობა ტრიალებს, იმიტომ რომ შევედით პრეზიდენტთან და პრეზიდენტს არანაირი სურვილი არ აქვს, რომ პარტიები გააერთიანოს და არც მიიჩნევს ამას შესაძლებლად და მიიჩნევს, რომ ეს არის ძალიან ცუდი იდეა, უბრალოდ არ ვიცი ამის კომუნიკაცია სწორად ვერ ხდება, ან ინტენსიურად ვერ ხდება, ან კიდევ, როგორც ჩანს, ოპოზიციურ მედიას ისე უნდა სასურველი რეალობად გაასაღოს და ერთიანობას ხედავს პანაცეად, განსხვავებით პრეზიდენტისგან, პრეზიდენტი ასე ნამდვილად არ ფიქრობს და შეგიძლიათ სადმე რომ ნახავთ გადაამოწმოთ ჟურნალისტებმა. მას უბრალოდ უნდა ხედვის შეჯერება იმაზე, რომ – 1. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ 9 პუნქტი შესრულდეს, მაგალითად სასამართლო რეფორმა რომელი პარტიისთვის რას ნიშნავს, უნდა რომ ჩვენი ხედვა ნახოს, თანხმობის წერტილები ამ შინაარსობრივ ხედვებში იპოვოს და მერე შეიქმნას დოკუმენტი, შეჯერებული ხედვის, რომ აი, თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა და კოალიციური მთავრობა მოვიდა, ეს არის შეჯერებული ხედვა, როგორ უნდა დავიწყოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებები. ანუ, არანაირ პარტიულ ერთიანობაზე, არანაირ პარტიულ გაერთიანებაზე, პარტიულ პლატფორმაზე, ერთიან ფრონტზე და ასე შემდეგ, საუბარი არ არის.[…]  ვეხმარები ქალბატონ პრეზიდენტს, რადგან ჩვენი და მისი პოზიციები ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით სინამდვილეში თურმე ერთმანეთს ემთხვევა და გეუბნებით, რომ არანაირი ერთიან პლატფორმაზე, არანაირ გაერთიანებაზე საუბარი არ არის, პირიქით ჩემდა გასაკვირად პრეზიდენტი ამბობს, რომ ერთიანობა არის მახე და ხედვა გვთხოვა ჩვენი. ნაფიც მსაჯულებზე ვესაუბრეთ, ბუნებრივია, ლაზარეს თემა დავძარით. ვუთხარი, რომ მას გავუგზავნი აუცილებლად ჩვენ რაც გადავიღეთ – ლაზარეს მოდელირებული პროცესი, ოღონდ ნაფიცი მსაჯულებით. ანუ, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, რომ ლაზარეს სამართლიანი მსაჯულების პროცესი ჰქონოდა. ჩემთვის მთავარი თემა ცხადია, ლაზარე იყო და მომეცა ამაზე საუბრის შესაძლებლობაც, მითუმეტეს მართლმსაჯულების თემით ინტერესდებოდა და ის, რომ ნაფიც მსაჯულებში ვხედავთ ჩვენ გამოსავალს, ეს ვუთხარით. სხვათაშორის, სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც ჰქონდათ ნათქვამი, რომ თურმე ნაფიც მსაჯულებში ვთანხმდებით, რაც ძალიან მიხარია, იმიტომ რომ თავისუფლების ინსტიტუტის ეგიდით შედგა ის შეხვედრა, სადაც მსაჯულებზე გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიეთ და კარგია, რომ ეს დაიმახსოვრეს და იმეორებენ პრეზიდენტთან, რომ ამასთან დაკავშირებით რაღაც შეთანხმება არსებობს”.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა.