პარტნიორი ქვეყნის ან ორგანიზაციის დროშის დაზიანებისთვის 1000-ლარიანი ჯარიმა დაწესდება

პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების დროშების დაზიანებისთვის მოქალაქე 1000 ლარით დაჯარიმდება. ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კერძოდ საუბარია ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოებზე, რომლის წევრიც არის საქართველო. აგრეთვე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს დაზიანებაზე, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში. ამ სახელმწიფოებში არ მოიაზრება ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებენ.