ვგმობთ ძალადობას, პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც ჟურნალისტებს ემუქრება და თავს ესხმის – საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის და მედიის ადვოკატირებისთვის კოალიციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, შეხვედრაზე მედიაგარემოს საგანგაშო გაუარესება და ჟურნალისტების შევიწროების, დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმის შემთხვევების შემაშფოთებელი ზრდა განიხილეს.
“ჩვენ განვიხილეთ მედიაგარემოს საგანგაშო გაუარესება და ჟურნალისტების შევიწროების, დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმის შემთხვევების შემაშფოთებელი ზრდა.
დემოკრატიებს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია უნდა ჰქონდეს.
პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით, მედია უნდა იყოს თავისუფალი, რათა საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს და ძირითადი მოვლენები ასახოს. პასუხისმგებელი, ეთიკური მედია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძალაუფლების მქონე პირთა ანგარიშვალდებულებისთვის.
აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს ქარტიის ძალისხმევას, დაეხმაროს ჟურნალისტებს საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები და საკითხები გააშუქონ სამართლიანად, დაბალანსებულად და ეთიკურად.
შეერთებული შტატები კატეგორიულად გმობს ჟურნალისტებზე ძალადობასა და მათ შევიწროებას. პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც ჟურნალისტებს ემუქრება და თავს ესხმის.
5 და 6 ივლისის შოკისმომგვრელი ძალადობა გვახსენებს ძალადობის ორგანიზატორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობას. დაუსჯელობა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ძალადობა მისაღებია, ძალადობა კი არასდროსაა მისაღები.
ხელისუფლებაში მყოფთა პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ თავისუფალი და ღია მედიაგარემო. საქართველოს მთავრობამ ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პროაქტიული ნაბიჯები უნდა გადადგას.
დაუსჯელნი არ უნდა დარჩნენ ისინი, ვინც ჟურნალისტებზე თავდასხმით საქართველოს დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან – მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა. თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ნამდვილი დემოკრატიული საზოგადოების კრიტერიუმია”, – ამბობს დეგნანი.