ქართული ოცნების დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ხალხი, რომელიც დასავლურობაზე “თავს დებს”, ამავდროულად, ამერიკის უმაღლესი თანამდებობის პირს აქციებს უმართავს. მისი აზრით, დასავლეთი ასეთ ჯგუფებს სათანადოდ არ უსმენს, რაც ოპოზიციასთან პომპეოს არშეხვედრით დადასტურდა.
“ხალხი, რომელიც დასავლურობაზე, დემოკრატიაზე, დასავლეთთან თანამშრომლობაზე თავს დებს და ამავდროულად, აქციებს უმართავს უმაღლესი თანამდებობების პირს, გვინდა არ გვინდა, ეს იყო აქცია ამერიკისადმი და ამითი კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ დასავლეთი ასეთ ჯგუფებს, ამ ინტერესების გარშემო გაერთიანებულს, არ უსმენს სათანადოდ და ეს დადასტურდა იმით, რომ არ მომხდარა მათთან შეხვედრა. ამიტომ ეს სურათი თუკი ვინმეს აწყობს, არიან ის ძალები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ არ არიან კეთილგანწყობილნი, ამიტომ არ შევუწყოთ მათ ხელი”, — განაცხადა ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, დასავლელმა პარტნიორებმა არჩევნები “შემდგარად და ლეგიტიმურად” მიიჩნიეს, ამიტომ, ოპოზიციამ “არ უნდა დაღალოს ხალხი” და პარლამენტში უნდა შევიდეს.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამომრჩევლები, ვინც მხარი დაუჭირა პატარა პარტიებს, იმედგაცრუებული არიან, რადგან აღმოაჩინეს, რომ მხარი დაუჭერიათ ნაციონალური მოძრაობისთვის და არა ამ პატარა პარტიებისთვის. სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა ახერხებს, საკუთარი დღის წესრიგის მიხედვით ატაროს ეს პატარა პარტიები, მაგრამ ამ პარტიებს ჯერ კიდევ მოუწევთ ტესტის ჩაბარება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მხარდაჭერას დაკარგავენ”, -თქვა ანრი ოხანაშვილმა.