საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ამ არჩევნებზე ის არც ნაციონალურ მოძრაობას და არც ქართულ ოცნებას ხმას არ მისცემს და არჩევანს იმ “პატარა პარტიებზე“ გააკეთებს, რომლებსაც მისი აზრით მომავალ პარლამენტში მნიშვნელოვანი გავლენა ექნებათ. მარგველაშვილი ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას საქართველოს წარსულს უწოდებს და ორპოლიუსიანობის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი აზრით დანარჩენი პარტიები არჩევნებზე ბევრად მაღალ შედეგს დადებენ, ვიდრე დღევანდელ რეიტინგებში ჩანს, რადგან ამომრჩეველი, ვისაც არც ნაციონალური მოძრაობა უნდა და არც ქართული ოცნება ბოლო მომენტში მათზე გააკეთებს არჩევანს. ამის შესახებ მარგველაშვილმა ტვ პირველის ეთერში ისაუბრა:
“იყავით მხნედ ამ რთულ ვითარებაში და იყავით მზად, რომ მიხვდეთ არჩევნებზე და შეცვალოთ ეს რეალობა. მე მინდა მოვუწოდო ამომრჩეველს, მიეცით ხმა იმ პატარა პარტიებს, რომლებმაც ხვალ უნდა შექმნან მომავალი საქართველოსი. მიეცით ხმა იმ პარტიებს ამ ორი პოლუსის გარეთ. იცოდეთ, თქვენი ხმა არ დაიკარგება. ეს საარჩევნო სისტემა გაძლევთ იმის გარანტიას, რომ თქვენი რჩეული შევა პარლამენტში და შეცვლის იმ ორპოლუსიან მარაზმს, რომელშიც ამდენი ხანი ვიცხოვრეთ. ეს არის დღეს რეალობა.
ჩვენ ვხედავთ უაღრესად შეშინებულ და დამფრთხალ ხელისუფალს, რომელიც გადადის ძალადობაზე. ძალადობას რომ ხედავ არჩევნებზე უნდა იცოდე, რომ შენი მოწინააღმდეგე არის წაგების პირას.
ივანიშვილს იმ პრეზენტაციაზე რაც არ უნდა ეთქვა, აღარავის არ სჯერა, არც ქვეყნის შიგნით არც ქვეყნის გარეთ. სულ რომ ეთქვა პარტიის ლიდერს, რომ ჩემს ფულს ავიღებ, აი ახლა უკვე ვახურდავებ და დაგირიგებთ ხვალ, არავინ აღარ დაუჯერებს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ეს ერთი.
მეორე მომენტი: ნაციონალებთან დაპირისპირება უკვე კომიკური გახდა.
მე მაქვს მოლოდინი, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ ორი პოლიტიკური პოლუსის გარეთ არიან, ჯამში აიღებენ სერიოზულ ხმებს, რომლებიც იმედი მაქვს რომ მერე დალაგდება საინტერესოდ და კარგად. ამის იმედი მაქვს.ვიღაცეები მეუბნებიან, რომ მე იცი არც ერთი მინდა, არც მეორე და სად არის მესამე?
მე მინდა გითხრათ, ეს მესამე ძალა თქვენ უნდა შექმნათ თქვენი ხმით და ნუ გეშინიათ, ყველა პარტია გავა პარლამენტში რომელსაც თქვენ ხმას მისცემთ. აარჩიეთ რომელიც თქვენ უფრო მოგწონთ და ამ თქვენი ხმით თქვენ შექმენით ეს მესამე ძალა. ნუ დაელოდებით პოლიტიკოსებს.
თქვენ მიეცით ხმა იმ პარტიებს, რომლებიც ამ ორი პოლუსის გარეთ დგანან და თქვენ შექმნით, თქვენი ხელით საქართველოს პარლამენტში იმ ძალას, რომელიც მერე დადებს თამაშის წესებს.
დღეს კონკრეტულ რეალობაში ვცხოვრობთ. ამ კონკრეტული რეალობის მიზანია იმისთვის, რომ ვეღარავინ ვერ გაგიბედოს სამსახურს რომ დაკარგავ ვიღაცამ გითხრას, აბა ეხლა ჩემო კარგო, აიხვიე გუდანაბადი და წადი სადმე სხვა ქვეყანაში იშოვნე სამსახური – ეს რომ ვეღარ ვერცერთმა ხელისუფალმა, ვერც ამან, ვერც წინამ, ამისთვის ხმა უნდა მისცე ისეთ ძალებს, რომლებიც შექმნიან ბალანსს პარლამენტში.
ჩემთვის მიზანია საქართველოს ამომრჩეველმა მისცეს ხმა არა გადამრჩენელს, არამედ თავისი ხელით შექმნას თავისი გადარჩენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ხელისუფალის ხელში არ იყოს მთელი ძალაუფლება, ეს პატარა პოლიტიკური ძალები, რომლებიც ახლა ძლიერდებიან, რომლებსაც საშინლად ურტყავენ სხვათა შორის, რომლებსაც ემტერებიან, ის არის თქვენი გადარჩენა. იმიტომ რომ ისინი პარლამენტში თქვენი ხმების გულისთვის იბრძოლებენ, რომ არავინ აღარ გაგიბედოთ იმის თქმა, რომ თქვენა ხართ სულელები და ლარი იქცევა კარგად, რომ თქვენ უნდა გყავდეთ პირადი ბანკირები და რომ ფული კი დაგპირდნენ, მაგრამ მერე რა, რომ იმ დაპირებებს, რომლებსაც გასცემდნენ შემთხვევით გასცემდნენ. ამის გარანტი არის ის, რომ საქართველოს პარლამენტში არ იყოს ორი პოლიტიკური ძალა.
უნდა იყოს მესამე, დიდი კონგლომერატი, რომელიც იქ გაერთიანდება, თუ დღემდე ვერ შეძლეს გაერთიანება, და უზრუნველყოფენ იმას, რომ თქვენ არ მოგაყენონ შეურაცხყოფა და თქვენი ყოფა აი ამ დონემდე არ დაიყვანოს ნებისმიერმა ხელისუფალმა.“–განაცხადა მარგველაშვილმა.
ის ამ არჩევნებში კენჭისყრას არ აპირებს და გეგმავს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ამომრჩეველს აქტიურობისა და ე.წ. პატარა პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდოს.