ევროპარლამენტარები 21 ნოემბერს საქართველოში გამართულ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„საქართველოში შაბათს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომლის მიხედვითაც, დარჩენილი 17 მანდატი უნდა განაწილდეს მაჟორიტარული სისტემით. კიდევ ერთხელ გვინდა, მივულოცოთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვან მოკავშირეს, რომელმაც ამ არჩევნების ორგანიზება გამოწვევებით აღსავსე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში შეძლო.
მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და მოწიფულობა, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს და იპოვონ აუცილებელი კომპრომისი ახალი დიალოგის გზით, რომლის ფასილიტატორები საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები არიან, რათა პარლამენტმა შეუფერხებლად იმუშაოს, ვინაიდან ის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილნი, უნდა იმუშაონ კონსტრუქციულად და ამასთან, უნდა გაითვალისწინონ საქართველოს მიერ არჩეული ევროპული გზა.
მხარს ვუჭერთ ეუთო/ოდირის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბელეს, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის შეფასებასა და ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის მიერ პირველი ტურის შედეგად გამოქვეყნებულ გამოხმაურებას. მეორე ტურის შემდეგ, ჩვენ ველოდებით ყველა საფუძვლიანი საჩივრის სამართლიან და გამჭვირვალე განხილვას. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, რათა შეგვეფასებინა საქართველოს მთავრობის და ყველა პოლიტიკური პარტიის პოზიცია დემოკრატიული პროცესებსა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის საკითხში.
ვაფასებთ ფაქტს, რომ არჩევნები ჩატარდა გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემით, რამაც შესაძლებელი გახადა უფრო მრავალფეროვანი პარლამენტის ჩამოყალიბება. თუმცა, ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ ოპოზიციის კანდიდატები არ იბრძოდნენ მანდატებისთვის მეორე ტურში. მოვითხოვთ, არსებული ხარვეზები იყოს აღმოფხვრილი ახალი საარჩევნო რეფორმის გზით, რომელიც შეასრულებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და ეს მოხდება პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის აქტიური ჩართულობით”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
დევიდ მაკალისტერი (საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე)
მარინა კალიურანდი (სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე)
სვენ მიკსერი (ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი)
ვიოლა ფონ კრამონი (ევროპარლამენტში საქართველოში დემოკრატიული აქტივობის წამყვანი მხარდამჭერი)