პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით ციხის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების განცხადებით, 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 2010-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი გ.ა. და ამავე დაწესებულების სხვა თანამშრომლები ჯგუფურად, დასჯისა და დაშინების მიზნით პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში აყენებდნენ. გ.ა. პატიმრებს ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდა, აყენებდა მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამავე პატიმრების მიმართ ძალადობას, სისტემატური ხასიათი ჰქონდა. გ.ა.-ს ქმედებების შედეგად, პატიმრებს უკანონოდ ჰქონდათ შეზღუდული გასეირნების, ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. ასევე, არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი თანამშრომლის მხრიდან ხდებოდა პატიმრების საკნიდან თვითნებურად გაყვანა და დაწესებულების კორპუსში მდებარე აბანოში განთავსება, სადაც ჯგუფურად, ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით, მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება ხდებოდა. ამასთან, პატიმართა მორალური ტანჯვის მიზნით, ადგილი ჰქონდა მათ მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობის მუქარას”, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.