”პატიმრები გვემუქრებიან და ითხოვენ, ომბუდსმენმა ციხეებში ვიზიტები შეწყვიტოს”- სახალხო დამცველი ამბობს, რომ 2021 წლის 13 იანვარს გლდანის ციხის ერთ-ერთი პატიმარი დაემუქრა ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებს და ციხეში ვიზიტის შეწყვეტა მოსთხოვა.
“აღსანიშნავია, რომ გლდანის #8 დაწესებულება არის დახურული ტიპის ციხე და ეს პატიმარი ყოველთვის მაშინ გადაადგილდებოდა ციხის ტერიტორიაზე, როცა ჩვენი წარმომადგენელი ვიზიტს ახორციელებდა”. – თქვა სახალხო დამცველმა.
“გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს, ვიზიტების დროს, ციხის ადმინისტრაციების მხრიდან მხარდაჭერილი არაფორმალური მმართველების მხრიდან ექმნებათ რეალური საფრთხე, სახალხო დამცველი განიხილავს პრევენციული მონიტორინგის ვიზიტების განხორციელებას მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების ზომების პირობებში. ეს, ბუნებრივია, დააბრკოლებს პატიმართა უფლებების ეფექტიანად დაცვას”. – ამბობს სახალხო დამცველი.
“ციხეებში არსებული კრიმინალური სუბკულტურის გავლენაა ისიც, რომ მაშინ, როცა პატიმრების დაახლოებით ნახევარი სასჯელს იხდის ნახევრად ღია დაწესებულებებში, წლიდან წლამდე მცირდება ამ დაწესებულებებიდან სახალხო დამცვეკლთან შემოსული მიმართვები და განცხადებები. 2020 წელს პატიმრებიდან შემოსული 1384 განცხადებიდან მხოლოდ 57 იყო შემოსული ამ 3 ციხის პატიმრების მიერ გამოგზავნილი წერილი. კრიმინალური სუბკულტურის გამო პატიმრების პრობლემები ჩვენამდე არ მოდის და არ ხმაურდება, დღეს კი ფიზიკურად გვიშლიან ხელს იმაში, რომ პროაქტიურად მივიდეთ ადგილზე”. – თქვა მან.