პატრიარქის ექიმის თქმით, ილია II სამებაში წირვას წნევის მომატების გამო არ ესწრება

პატრიარქის მკურნალი ექიმის, ცისანა შარტავას თქმით, ილია II სამების ტაძარში წირვას წნევის მცირე მომატების გამო არ ესწრება.

მისი თქმით, პატრიარქი წირვას საპატრიარქოს ეზოში მდებარე ეკლესიაში დაესწრო.

,,ცოტა წნევის ციფრები ჰქონდა ოდნავ მომატებული და ვინაიდან წინ ბზობაა და რამდენიმე დღესასწაულია, ჩვენი თხოვნაა, რომ უფრო ყოჩაღად იყოს. გუშინ ბრძანდებოდა ლოცვაზე”, — განაცხადა პატრიარქის ექიმმა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება, სამების საკათედრო ტაძარში მრევლი ხარების ლუტურგიას ესწრება.

ტაძარში წირვას პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, შიო მუჯირი და მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი აღავლენენ. საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კვირას განაცხადა, რომ ხარების სადღესასწაულო წირვას პატრიარქი ჩაატარებდა.