პატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიაზე კომენდანტის საათის დროს მივა

არქიდიაკონ დემეტრეს ინფორმაციით, ქვეყანაში დაწესებული კომენდანტის საათის მიუხედავად, სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. პატრიარქი ილია მეორე ლიტურგიაზე აღდგომის წინა ღამეს, კომენდანტის საათის დრო, 23:00 საათზე მივა და ლიტანიობა ამ დროს დაიწყება.

არქიდიაკონის განცხადებით, სამებაში ვნების კვირეულის ღვთისმსახურებები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. მან სამებაში შეკრებილ მრევლს განრიგი გააცნო.

,,ორშაბათს, 9:00 საათზე, პირველ შეწირული ლიტურგია იქნება, საღამოს 16:00 საათზე სერობის ჟამი და ცისკარი. სამშაბათს, 9:00 საათზე, ასევე პირველ შეწირული ლიტურგია, 16:00 საათზე,შვიდგზის ზეთისცხება შესრულდება. ოთხშაბათს, 9:00 საათზე, პირველ შეწირული ლიტურგია, 16:00 საათზე ისევ სერობის ჟამი და ცისკარი. ხუთშაბათს , 10:00 საათზე, შესრულებული იქნება ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია და წმინდა საიდუმლო სერობის გახსენება. 12 ვნების სახარება წაკითხული იქნება საღამოს 16:00 საათზე. პარასკევს 9:00 საათზე სამეუფეო ჟამები იქნება წაკითხული, ხოლო 16:00 გარდამოხსნის გამოსვენება და დატირება.

შაბათს, 7:00 საათზე, შესრულდება წესის აგება, ჟამების კითხვა, ხოლო 9:00 საათზე, წმინდა ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია. 22:00 საათზე წაკითხული იქნება შუაღამის ჟამი, 23:00 საათზე მობრძანდება მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 00:00 საათზე დაიწყება ლიტანიობა და მოებმის წმ. იოანე ოქროპირის საზეიმო სააღდგომო საღვთო ლიტურგია“,- განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრემ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ. ასევე, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება.