ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ტყუილია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მოუმზადებელი შეხვდა კორონავირუსის ახალ პიკს და არ გადადგა მოსამზადებელი ნაბიჯები.
“უარესდება სიტუაცია შემთხვევების რაოდენობის მიხედვით. ბუნებრივია, როცა შემთხვევები გაზრდილია, სიკვდილობაც იზრდება, მაგრამ პროცენტულად ჩამორჩება… ვინარჩუნებთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ პროცენტს გარდაცვალებისას და ბევრად უფრო დაბალს, ვიდრე აშშ”,– თქვა მან იმედის ეთერში.
მისივე მტკიცებით, ქვეყანაში პაციენტთა ნაკადები კარგად იმართება, რაც პიკის დროს ვერ მოახერხა ლოს-ანჯელესმა, პარიზმა, სტოკჰოლმმა და საქართველოზე ბევრად განვითარებულმა ქვეყნებმა.
“მთელმა მსოფლიომ იცის ეს – სასწრაფოების რიგი იდგა ჰოსპიტლებთან ამ დიდ ქალაქებში, 8-12 საათს ატარებდნენ სასწრაფოებში პაციენტიები, მესამე ტალღის დროს იყო ეს, ხდებოდა პაციენტების პრიორიტიზება”,– ამბობს ცერცვაძე.
ის ასევე აღნიშნავს, რომ პროცენტულად საქართველოს ექიმები ახერხებენ გადაარჩინონ მეტი ავადმყოფი, ვიდრე ამერიკა და ევროპის 32 ქვეყანა.