მედიკამენტ მოლნუპირავირზე განმარტებას აკეთებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, მედიკამენტმა მღრნელებში მაღალი ეფექტურობა აჩვენა.
„მოლნუპირავირზე ძირითადი კვლევა ჯორჯიის შტატში მიმდინარეობს. ეს მედიკამენტი თავიდან გრიპის სამკურნალოდ შეიქმნა. მარტში, ამ მედიკამენტმა მღრღნელებში მაღალი ეფექტურობა გამოავლინა კორონავირუსის წინააღმდეგ. მარტის შემდეგ, მასზე გაძლიერებული კვლევები მიმდინარეობს. პირველმა ფაზამ აჩვენა, რომ ეს მედიკამენტი აბსოლუტურად უსაფრთხოა. ახლა, მეორე-მესამე ფაზების გამოკვლევები ერთად, დაჩქარებულად მიმდინარეობს. ამით უნდა დადგინდეს მისი ეფექტურობა არა მღრღნელებში, არამედ – ადამიანებში”,– ამბობს ცერცვაძე იმედის ეთერში.
ის მედიკამენეტის მოქმედების მექანიზმსაც განმარტავს:
“ამ მედიკამენტს ძალიან სპეციფიკური მოქმედების მექანიზმი აქვს – ისაა ნუკლეოზიდის ანალოგი. როცა ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეიჭრება, მრავლდება და იწყება რნმ-ს (რიბონუკლეინის მჟავა) აწყობა, მედიკამენტი „ატყუებს“ ამ აწყობის მექანიზმს და ერთ-ერთი ნუკლეოტიდის ნაცვლად, თავად ეს მედიკამენტი „ჯდება“. ამის შემდეგ, იწყობა რნმ-ს ჯაჭვი, რომელშიც ერთი ნაწილი „შემოპარული“ ნუკლეოტიდია, ის ტროას ცხენის როლს ასრულებს. ვირუსის ჯაჭვი, რომლის ერთ-ერთ აგურადაც მედიკამენტია ჩაშენებული, უკვე აღარაა სიცოცხლისუნარიანი. ის უკვე ვეღარ ფლობს ვირუსის თვისებებს – ვერ აზიანებს ადამიანის ორგანიზმს და, რაც მთავარია, ვერ მრავლდება”,– აცხადებს ცერცვაძე.
მისივე თქმით, დადგინდა, რომ მედიკამენტის მიღების შემდეგ, პაციენტის ორგანიზმში 24 საათში ვირუსი აღარ იქნება.
“ამიტომ, დაადგინეს, რომ მოლნუპირავირი სულ რაღაც 24 საათში წყვეტს ორგანიზმში ვირუსის გამრავლებას. ნებისმიერი პაციენტის ორგანიზმში, რომელსაც ამ მედიკამენტს მისცემ, 24 საათში ვირუსი აღარ იქნება. ის ორმაგი დანიშნულების იქნება: ერთი – პაციენტებს მოარჩენს და მეორე – ვაქცინის მოვალეობას შეასრულებს. ვარაუდობენ, რომ კვლევის შედეგები 4 თვეში დაიდება და ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომი გახდება“ – თქვა თენგიზ ცერცვაძემ.