პაციენტ სააკაშვილის კადრების გაზიარება სამედიცინო ეთიკის დადგენილი ნორმების ძალიან უხეში დარღვევა იყო–მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ კლინიკა “ვივამედში“ მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებას სამედიცინო ეთიკის უხეშ დარღვევად თვლის და ფიქრობს, რომ ამ ფაქტზე რეაგირებაა საჭირო, რათა საყოველთაო სახე არ მიიღოს:

“სამედიცინო ეთიკა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენს პროფესიაში. როდესაც პაციენტისთვის ფოტოს გადაღება მჭირდება იმ მიზნით, რომ შემდეგ, მაგალითად, გამონაყრის დინამიკის შედარება შევძლო, იმ შემთხვევაშიც კი თუ სახე არ ჩანას, და რა თქმა უნდა, ეს ფოტო მხოლოდ ჩემთან რჩება და არსად არ ვრცელდება, მაინც მკაფიოდ ვეკითხები პაციენტს ნებართვას.
ეს ჩემი მოგონილი მეტიჩრობა კი არ არის, სამედიცინო ეთიკის მკაცრი მოთხოვნაა, რომ პაციენტის ფოტომასალის გაზიარებისთვის (თუნდაც არ ჩანდეს სახე), აუცილებელია მისი თანხმობის მიღება. სახე შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ შეიძლება სხვა რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი გამოჩნდეს ფოტოში (ხალი, ტატუ და ა.შ.). ამიტომ ეთიკის კანონი ამასაც ითვალისწინებს. მათ შორის სასწავლო მიზნით გამოქვეყნებული ფოტო/ვიდეო მასალის შემთხვევაში.
თუ სახე ჩანს და ფოტო/ვიდეო მასალის საყოველთაო გაზიარება ხდება, ამაზე საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია.

როდესაც რაიმე კვლევას ვიწყებთ, თუნდაც როდესაც პაციენტის მაიდენტიფიცირებელი პირადი ინფორმაცია არ ჩანს კვლევაში, მაინც უნდა მიიღო ეთიკური კომისიის დასკვნა. ზოგიერთ სიტუაციაში გვჭირდება ხოლმე ასევე მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანხმობაც.
მოკლედ, გუშინ პაციენტ სააკაშვილის კადრების გაზიარება სამედიცინო ეთიკის დადგენილი ნორმების ძალიან უხეში დარღვევა იყო. თუკი ასეთი საყოველთაო ინტერესის ქვეშ მყოფი პაციენტის კადრები ასე მარტივად და უპრობლემოდ ვრცელდება, რიგითი პაციენტის შემთხვევაში რა მოლოდინი გვაქვს?

აქ, ხაზს ვუსვამ, არ ვეხები პატიმრის უფლებებს, ეს ჩემი სფერო არ არის და კანონებს არ ვიცნობ. როგორც რიგით მოქალაქეს, არც ის მომწონს, როდესაც მედიაში, მაგალითად, ჭირისუფლების კადრების გასაჯაროება ხდება ხოლმე, მაგრამ აქ რა მედიაკანონები მოქმედებს, არც ეს ვიცი და ამაზე კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი.

აქ ვლაპარაკობ პაციენტის უფლებებზე, რომელთა დაცვა ჯანდაცვის სფეროს თითოეული წარმომადგენლის მოვალეობაა და რომლის დარღვევას ექიმებს ასე ადვილად არ გვპატიობს კანონი.
ამიტომ ამ ფაქტს რეაგირება ჭირდება, რომ საყოველთაო სახე არ მიიღოს.“–ამბობს მაია ბუწაშვილი.