პეკინის ბაზარში ხორცისა და ზღვის პროდუქტების სექციაში კორონავირუსის დიდი რაოდენობა აღმოჩნდა

დღეს, ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეკინის ერთ-ერთ ბაზარში, ზღვის პროდუქტების სექციაში ზედაპირებზე ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს. ვარაუდობენ, რომ ვირუსის ამ მასშტაბით დაფიქსირება ტერიტორიაზე არსებული დაბალი ტემპერატურისა და მაღალი ტენიანობის გამო მოხდა.

წინასწარი ანგარიშის გამოქვეყნების პარალელურად, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლები ზოგიერთ ტერიტორიაზე იზრდება. შემთხვევათა დიდი რაოდენობა გასულ კვირას სწორედ საკვები პროდუქტების სინფადის ცენტრს უკავშირდება, სადაც საწყობები და სავაჭრო დარბაზები უზარმაზარ ტერიტორიაზეა განლაგებული. მისი ფართობი დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც ფეხბურთის 160 მოედანი. ამ ერთ-ერთი ახალი აფეთქების შედეგად, ასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული და ქვეყანაში ვირუსის თავიდან გავრცელების შიში გაჩნდა.

სინფადის ბაზრის დაინფიცრებულ თანამშრომელთა უმეტესობა ზღვის პროდუქტების განყოფილებაში მუშაობს, შემდეგია ხორცის – ძროხისა და ცხვრის პროდუქტები. ქვეყნის დაავადებათა კონტროლის წამყვანი ინფექციონისტი ამბობს, რომ სიმპტომები ყველაზე ადრე სწორედ ზღვის პროდუქტების გამყიდველებში დაფიქსირდა.

ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ ვირუსის გავცელების მიზეზების დამატებითი მოკვლევაა საჭირო, თუმცა წინასწარი შეფასებით შეიძლება ითქვას, რომ დაბალი ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა მის გამძლეობას ზრდის და შესაძლოა, ვირუსი სწორედ ამიტომ აფეთქდა სწორედ ზღვის პროდუქტების განყოფილებაში. ამასთან, მმართველი კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი წამყვანი სააგენტოს მენეჯმენტი აცხადებს, რომ საბითუმო ბაზრებში ჰიგიენის დაბალი დონე და მომარაგების ნაწილში არსებული პრობლემები დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას.

ჩინეთმა ამ კვირაში ევროპელი მომწოდებლებისგან ორაგულის მომარაგებაც შეწყვიტა, მოსახლეობას კი უმი ორაგულის ჭამისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რადგან ვირუსი იმპორტირებული ორაგულის დასაჭრელ დაფებზეც აღმოჩნდა. თუმცა, ვირუსის აფეთქების ზუსტი წყარო ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: ამერიკის ხმა