პენიტენციური სამსახურს იმ პროდუქტებს ასაჯაროებს რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხის სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს იღებს.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ფოტო და ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. ასევე ვასაჯაროებთ იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა.”- ნათქვამია პენიტენციურის განცხადებაში.
ცნობისთვის, რამდენიმე საათს წინ, სახალხო დამცველის, რუსთავის ციხეში ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ სააკაშვილი 30 ოქტომბრიდან ციხის სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს, რომლებასც მას სამედიცინო პერსონალი აწვდიდა და აღნიშნული ის ვერ შეფასდება, როგორც საკვები. ომბუდსმენი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს.
„საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები, 2021 წლის 6 ნოემბერს N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის ფარგლებში, გაეცნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გაესაუბრნენ სამედიცინო პერსონალს, შეისწავლეს უახლესი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მის შიმშილობასთან დაკავშირებით და შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს.
ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამასვე ადასტურებს პაციენტის შიმშილობის შესახებ შედგენილი სამედიცინო ფორმები, სადაც არ არის მითითება პაციენტის მიერ საკვების მიღებაზე, აგრეთვე არ არის დაფიქსირებული პაციენტის შიმშილობის ფორმის ცვლილება, რაც აუცილებელია პატიმრის მიერ საკვების მიღების შემთხვევაში.
მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს.