მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა ექიმთა კონსილიუმის წევრები სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვა და ამის მიზეზად არასამუშაო საათები დაასახელა.
“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დღეს ვგეგმავდით კონსილიუმის შესვლას გლდანის დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ წევრს ამ კომისიისა, რომლებსაც კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პატივისცემას იმისთვის, რომ არასამუშაო საათებში გამონახეს დრო და მობრძანდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, 2-საათიანი ლოდინის შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა შეშვებაზე იმ მოტივით, რომ არასამუშაო საათებია.
ასევე უნდა აღვნიშნო, რომ არასამუშაო საათებში კონსილიუმი ყოფილა უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ასევე დღეს, ასევე არასამუშაო საათებში კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი ნიკა ყიფშიძე იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. პენიტენციური სამსახურის ეს ნაბიჯი არის აბსოლუტურად უკანონო და სამარცხვინო”,– განაცხადა თუთბერიძემ.
მისივე შეფასებით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ “ხელისუფლება ჯიბრში უდგას ილუზორულ მოწინააღმდეგეს და ყველანაირად ცდილობს მესამე პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას”.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ კონსილუმის წევრები მზად არიან, ხვალ კიდევ სცადონ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შესვლა, თუმცა არ იციან, დართავს თუ არა სპეციალური პენიტენციური სამსახური მათ ამის ნებას.