პენსილვანიაში დონალდ ტრამპს ესროლეს. დეტალები და რეაქციები

სროლის ხმა გაისმა აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლისას პენსილვანიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგზე. ტრამპმა სიტყვა შეწყვიტა და სცენა დატოვა.

მალევე გავრცელდა ინფორმაცია სამართალდამცავ წყაროებზე დაყრდნობით, რომ მსროლელი „განეიტრალებულია“. მოგვიანებით ოლქის პროკურორმა ოფიციალურად განაცხადა, რომ  მსროლელი მოკლეს, ასევე მოკლულია აქციის მინიმუმ ერთი მონაწილე.

სროლის დაწყებისთანავე, ტრამპი ტრიბუნისკენ დაიხარა, მასთან მცველები მივარდნენ და წაიყვანეს.

ვიდეო კადრებში ჩანდა, რომ ტრამპის მარჯვენა ყური სისხლით იყო მოსვრილი.

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი  მხარდამჭერებს ბატლერში, პენსილვანიის შტატში მიმართავდა სიტყვით,  რომელიც გადამწყვეტი შტატია ნოემბრის არჩევნებში.

ტრამპის უკან მისი მხარდამჭერები იდგნენ პლაკატებით. სროლის ხმის გაგონებისთანავე ისინიც დაიხარნენ.

კადრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხალხიდან მხრიდან სროლა მაშინ გაისმა, როცა   ტრამპი აშშ-ში არალეგალური მიგრანტების რაოდენობაზე საუბრობდა.

ტრამპის სპიკერმა სტივენ ჩანგმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი იმყოფება საავადმყოფოში, სადაც ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ. „პრეზიდენტი ტრამპი მადლობას უხდის სამართალდამცავებს და საგანგებო სიტუაციების თანამშრომლებს ამ საშინელი მოვლენის დროს სწრაფი რეაგირებისთვის. ის კარგად არის და ადგილობრივ საავადმყოფოში გადის გამოკვლევას“.

ტრამპის დაცვაზე პასუხისმგებელი საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ექს-პრეზიდენტი უსაფრთხოდ არის და მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

პირველი რეაქცია

პენსილვანიის გუბერნატორმა, დემოკრატმა ჯოშ შაპირომ განაცხადა, რომ შტატის პოლიცია ადგილზე მუშაობს ფედერალურ სააგენტოებთან ერთად. „ძალადობა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკოსის მიმართ სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა შაპირომ. “მას ადგილი არ აქვს პენსილვანიაში და შეერთებულ შტატებში.”

ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იყო ერთ-ერთი პირველი უცხოელი ლიდერი, რომელმაც რეაგირება მოახდინა მომხდარზე. „მე და სარა შოკირებული ვართ პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმით, ჩვენ ვლოცულობთ მისი უსაფრთხოებისთვის და სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის“, დაწერა მან X-ზე (ყოფილი Twitter).

პოლიტიკოსების მკვლელობის მცდელობები მთელ მსოფლიოში იზრდება

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს მთელ მსოფლიოში გაიზარდა პოლიტიკური მკვლელობის მცდელობებისა და სიკვდილით გამოწვეული მუქარის რიცხვი.

გასულ წელს კიტოში მოკლეს ეკვადორის საპრეზიდენტო კანდიდატი ფერნანდო ვილავიჩენსიო.

არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი მკვლელობის მცდელობას გადაურჩა, რადგან თავდამსხმელის იარაღი გაიჭედა.

იაპონიის პრემიერ მინისტრი შინზო აბე თვითნაკეთი იარაღით მოკლეს.

ამ წლის დასაწყისში სამხრეთ კორეის ოპოზიციის ლიდერი ლი ჯე-მიუნგი კისერში დაიჭრა, გაზაფხულზე კი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მკვლელობის მცდელობას გადაურჩა.

ასეთი გახმაურებული შემთხვევები აშშ-ში ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ამერიკელი მაღალჩინოსნების მიმართ მუქარა გახშირდა.

New York Times იტყობინება, რომ გასულ წელს პოლიციამ გამოიძია რვა ათასზე მეტი მუქარა კონგრესის წევრების მიმართ და მუქარა განხორციელდა ფედერალური მოსამართლეების მიმართაც.

გასული წლის ოქტომბერში ამერიკელების თითქმის მეოთხედი დაეთანხმა განცხადებას, რომ „პატრიოტებს შესაძლოა ძალადობა მოუწიოთ ქვეყნის გადასარჩენად“ (ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი  ბოლო სამი წლის განმავლობაში).