რუსეთმა, სავარაუდოდ, დაკარგა მისი ძირითადი საბრძოლო ტანკების ნახევარი და გამოიყენა თავისი ზუსტი მართვადი იარაღის უმეტესი ნაწილი ომში, ამბობს აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში კოლინ კალი.
მისი თქმით, უკრაინაში სამხედრო კამპანია კრემლის მთავარი სტრატეგიული მარცხი იყო.
“პუტინი მარცხი განიცადა. რუსეთი ამ ომიდან უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე მის დაწყებამდე იყო”, – ციტირებს CNN კალის.
სანქციები და ექსპორტის კონტროლი ძალიან გაართულებს რუსი სამხედრო ძლიერების ომამდელ დონეზე აღდგენას, ამბობს კალი და აღნიშნავს, რომ რუსეთის დანაკარგებმა უკრაინაში უკვე რამდენიმეჯერ გადააჭარბა სსრკ-ს ზარალს ავღანეთში.
“პუტინი წავიდა ამ ომზე, ცდილობდა გაენადგურებინა უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული დემოკრატიული ქვეყანა. მან ეს ვერ შეძლო და ეს არ შეიცვლება. სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა გადარჩება”, – თქვა კოლინ კალმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია არ ახორციელებს ზეწოლას უკრაინის ხელისუფლებაზე, რათა აიძულონ ისინი დაჯდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთთან და რომ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, როდის და რა პირობებში იქნება მზად მოლაპარაკებების პროცესის დასაწყებად.
“ჩვენი პოზიცია არ არის ის, რომ უკრაინელებს მოლაპარაკებებისკენ ვუბიძგოთ, სანამ ისინი მზად არ იქნებიან. ჩვენი პოზიციაა, რომ დავეხმაროთ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა ძალის პოზიციიდან ილაპარაკონ, თუ, და როდესაც მზად იქნებიან მოლაპარაკებებისთვის.“–თქვა პენტაგონის სპიკერმა.
კალი პროგნოზირებს, რომ ზამთრის დადგომა გაართულებს ფართომასშტაბიან შეტევით ოპერაციებს და უკრაინაში საომარი მოქმედებების ინტენსივობა უნდა შემცირდეს, რაც გააჩენს შესაძლებლობებს დიპლომატიური დარეგულირებისთვის.
„საბოლოოდ, რუსებმა და უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ, რა ხელსაყრელ შესაძლებლობებს უქმნის ეს დიპლომატიას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის შუალედური არჩევნების ფონზე კალმა საჭიროდ ჩათვალა აღნიშვნა, რომ ქვეყნის ორივე ძირითადი პარტია უკრაინის ძლიერი მხარდაჭერის მომხრეა, მაგრამ ამ მხარდაჭერის მექანიზმები შესაძლოა მომავალში შეიცვალოს.