პენტაგონი უკრაინისთვის 182.2 მილიონი დოლარის საზენიტო–სარაკეტო კომპლექს NASAMS–ებს შეისყიდის

აშშ–ს თავდაცვის უწყებამ კონტრაქტი გააფორმა კომპანია Raytheon Co.–სთან მოწინავე ნაციონალური საზენიტო–სარაკეტო სისტემების – NASAMS–ის შესყიდვისთვის უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის ფარგლებში. გარიგების თანხა 192.2 მილიონი დოლარია.

პენტაგონის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების საორიენტაციო თარიღი 2024 წლის 23 აგვისტოა. ამ კვირას აშშ–მ განაცხადა უკრაინისთვის 3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ. პენტაგონის ინფორმაციით, ეს პაკეტი, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში გამოეყო, გრძელვადიანი ინვესტიცია იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების მშენებლობაში, რომელიც საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას განაგრძობს. ახალი პაკეტის ფარგლებში აშშ ვალდებულებას იღებს უკრაინას დამატებით ექვსი NASAMS მიაწოდოს, ასევე დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა სხვადასხვა სახის იარაღისთვის და სხვა სამხედრო ტექნიკა.

ამერიკული სამხედრო დახმარების წინა ტრანშებისგან განსხვავებით ამ დახმარების თანხები განკუთვნილია შეიარაღების მწარმოებლების შეკვეთებისთვის.

პენტაგონი აცხადებს, რომ 2021 წლის იანვრიდან აშშ–მ უკვე აღმოუჩინა უკრაინას დახმარება 13.5 მილიარდი დოლარის ოდენობით.