პენტაგონმა უკრაინისთვის შეტევითი დრონების–MQ-1C Grey Eagle–ის გადაცემა შეაჩერა

სააგენტო როიტერის ინფორმაციით პენტაგონმა უარი თქვა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის გეგმის მიხედვით უკრაინისთვის 4 დიდი, შეტევითი უპილოტო საფრენი აპარატის, MQ-1C Grey Eagle–ის გადაცემაზე, იმ საფრთხის გამო, რომ მისი რთული სათვალთვალო აპარატურა შეიძლება მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდეს.

სააგენტო საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პენტაგონის თავდაცვითი ტექნოლოგიების უსაფრთხოების სამმართველომ თეთრი სახლის მიერ მოწონებული გეგმა უარყო და უკრაინისთვის ამ მოდელის 4 უპილოტო საფრენი აპარატის მიყიდვა შეაჩერა.

უკრაინისთვის MQ-1C Grey Eagle–ის გადაცემის გეგმის შესახებ როიტერი რამდენიმე კვირის წინ წერდა. ეს დრონები Hellfire–ის რაკეტებით შეიძლება აღიჭურვოს.

სააგენტოს წყაროების ცნობით ამ მოდელის დრონების ექსპორტი შეჩერდა იმის გამო, რომ თუ მისი სათვალთვალო აღჭურვილობა და რადარი რუსეთის ხელში მოხვდება, შეიძლება აშშ–ს უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნას.

წყაროები ამბობენ, რომ ეს საკითხი გეგმის თავდაპირველი დამტკიცებისას გამორჩათ, თუმცა პენტაგონში შეხვედრებისას გასული კვირის ბოლოს იჩინა თავი.