პერუს პარლამენტმა იმპიჩმენტი გამოუცხადა პრეზიდენტ პედრო კასტილიოს მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნა სცადა. პრეზიდენტის ფიცი ვიცე-პრეზიდენტმა დინა ბოლუარტემ დადო, ხოლო ქვეყნის ყოფილი ლიდერი პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის დააკავეს.
მანამდე კასტილიომ განაცხადა, რომ რესპუბლიკის კონგრესს (როგორც პერუს პარლამენტს ოფიციალურად უწოდებენ) საგანგებო დროებითი მთავრობით ცვლის.
თუმცა, კანონმდებლებმა უგულებელყვეს ეს ნაბიჯი და საგანგებო სხდომა მოიწვიეს, რომელზეც პრეზიდენტის იმპიჩმენტი გადაწყვიტეს.
ამის შემდეგ პერუს პოლიციამ ტვიტერზე გამოაქვეყნა კასტილიოს ფოტოები პოლიციის განყოფილებაში. შეტყობინებაში სამართალდამცავი ორგანოები მას „ყოფილ პრეზიდენტს“ უწოდებდნენ და წერდნენ, რომ იძულებულნი იყვნენ ჩარეულიყვნენ სიტუაციაში თავიანთი მოვალეობების შესასრულებლად. სურათები მოგვიანებით წაშალეს.
შემდეგ გამოქვეყნდა კადრები, სადაც კასტილო ხელს აწერს რამდენიმე დოკუმენტს.
მარტია ბარეტომ, პროკურატურის გუნდის სპიკერმა, რომელიც სამთავრობო კორუფციას იძიებს, თქვა, რომ კასტილო დააკავეს. მედიის წყაროები იუწყებიან, რომ ის ამბოხშია ეჭვმიტანილი.
იმავდროულად, პარლამენტში, როგორც დროებითმა ლიდერმა, ფიცი დადო მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა დინ ბოლუარტემ, რომელმაც დაუყოვნებლივ მოითხოვა პოლიტიკური ზავი ეროვნული კრიზისის დაძლევის ინტერესებში.
60 წლის ბოლუარტემ, რომელიც პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა თქვა, რომ ამ თანამდებობაზე დარჩება 2026 წლის ივლისამდე, ანუ იმ დრომდე, როცა კასტილიოს პრეზიდენტობა უნდა დასრულებულიყო.
ბრძოლა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის
პერუში მოვლენები სწრაფად განვითარდა მას შემდეგ, რაც პედრო კასტილიომ ნაციონალური ტელევიზიით გამოსვლის დროს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
კასტილიომ პარლამენტის დათხოვნა გამოაცხადა, რომელშიც ოპოზიციას უმრავლესობა აქვს. ამ განცხადებამ შოკი გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. პერუს მთავრობის რამდენიმე მინისტრი მაშინვე გადადგა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელმა პრეზიდენტი გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა.
შეერთებულმა შტატებმა კასტილიოს გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდა , ვიცე-პრეზიდენტმა ბოლუარტემ პრეზიდენტი კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულა, ხოლო პერუს პოლიციამ და სამხედროებმა ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი გააგრძელებენ ქვეყნის კონსტიტუციის პატივისცემას.
კასტილოს მხრიდან პარლამენტის დათხოვნის მცდელობა ერთგვარი პრევენციული ღონისძიება იყო – მან ეს რამდენიმე საათით ადრე გააკეთა პარლამენტში დანიშნულ კენჭისყრამდე, რომელზეც მისი იმპიჩმენტის საკითხი უნდა დაეყენებინათ. კასტილიოს იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში მისი არჩევიდან, ანუ 2021 წლიდან უკვე მესამედ დადგა.
პერუ – ფაქტები ქვეყნის შესახებ
პერუ სპილენძის სიდიდით მეორე მწარმოებელია მსოფლიოში. აქვე მოიპოვება ოქრო, ვერცხლი, კალა, თუთია და ნავთობი.
მე-16 საუკუნის შუა ხანებში კონკისტადორებმა პერუში ვერცხლის უდიდესი საბადო, პოტოსი აღმოაჩინეს, რომელიც უდიდესი სიმდიდრის სიმბოლოდ იქცა. ის უკვე დიდი ხანია ამოწურულია, მაგრამ ესპანურად ჯერ კიდევ არსებობს გამოთქმა „პოტოსის ფასი“.
თუმცა, ქვეყნის 32 მილიონიანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სიღარიბესა და უმუშევრობას განიცდის.
პერუს ჰქონდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე იქ 200 ათასი ადამიანი დაიღუპა.
პრეზიდენტმა ოპონენტები დემოკრატიული პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის მოთხოვნაზე აპელირებით საგანგებო დროებითი მთავრობის შექმნა და ახალი პარლამენტის მოწვევა გამოაცხადა, რომელსაც ახალი კონსტიტუცია უნდა შეექმნა.
თუმცა, პარლამენტმა უარი თქვა მას დამორჩილებოდა და ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი პრეზიდენტის იმპიჩმენტს, რომლის თავიდან აცილებას პრეზიდენტი ყველა გზით ცდილობდა.
მასწავლებელი პრეზიდენტი
პერუში უკვე წელიწადზე მეტია პოლიტიკური არასტაბილურობაა. 2020 წელს ქვეყანაში სამი პრეზიდენტი მხოლოდ ხუთ დღეში შეიცვალა, 2016 წლიდან კი სახელმწიფოს ექვსი ლიდერი ჰყავდა.
მემარცხენე კასტილო, რომელიც სკოლის მასწავლებელი იყო, პერუს პრეზიდენტად 2021 წლის ივნისში აირჩიეს. არჩევნებში მან კეიკო ფუჰიმორი დაამარცხა, ალბერტო ფუჰიმორის ქალიშვილი, რომელიც 1990-2000 წლებში პერუს პრეზიდენტი იყო.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ის თავის მხარდამჭერებს არწმუნებდა, რომ “მდიდარ ქვეყანაში ღარიბი აღარ იქნება“. თავად კასტილიომ პირობა დადო, რომ უარს იტყოდა საპრეზიდენტო ხელფასზე და, როგორც ადრე, მასწავლებლის შემოსავლით იცხოვრებდა.
თუმცა, მისი მმართველობის დროს კასტილიოს წინააღმდეგ კორუფციის შესახებ ბრალდებები გავრცელდა, რაც პრეზიდენტმა უარყო და მისი გადაყენების მიზნით შეთქმულების ნაწილი უწოდა მისი.