პესკოვი განმარტავს, რატომ არ გამოჩენილა შოიგუ 11 მარტის შემდეგ

კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვის მტკიცებით, თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს გაუჩინარების მიზეზი ის არის, რომ  მედიასთან აქტიურობის დრო არ აქვს.

“თავდაცვის მინისტრს ახლა ბევრი საზრუნავი აქვს. სპეცოპერაცია მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ახლა მედიასთან აქტიურობის დრო არ არის, ეს სრულიად გასაგებია”, – უპასუხა პესკოვმა კითხვას, სად არის თავდაცვის მინისტრი.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ საჯარო სივრცეში 11 მარტის შემდეგ არ გამოჩენილა. ექსპერტების ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ შოიგუ და გერასიმოვი შინაპატიმრობაში არიან. მიზეზად სახელდება როგორც პუტინის უნდობლობა მათ მიმართ, ასევე უკრაინაში რუსული სამხედრო კამპანიის კრახი.

Washington Post-ი წერს, რომ ამერიკული არმიის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ, თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის ჩათვლით, მრავალჯერ სცადა სპეციალური არხით რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, ვალერი გერასიმოვს დაკავშირებოდა, თუმცა რუსული მხარე საუბრის ყველა მცდელობას უარყოფს.