უკრაინის ყოფილ პრეზიდენტსა და უმაღლესი რადას დეპუტატს,პეტრო პოროშენკოს კიევის ცენტრში ე.წ. “ზელიონკა” შეასხეს. ინციდენტი უკრაინის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავთან დაკავშირებული მარშის შემდეგ, მეტროს ერთ-ერთ ამოსასვლელთან მოხდა.
თავდამსხმელი მალევე დააკავეს. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი 1999 წელს დაბადებული მამაკაცია ჩერნიგოვის ოლქიდან. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა.
ინციდენტის შემდეგ პოროშენკომ თავდასხმა ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირა.
“ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩ, მესმის, გეშინიათ. თქვენ მოხალისეების, სამხედროების და ნამდვილი პატრიოტების პუტინზე მეტად გეშინიათ. ნუ ეცდებით თქვენი მწვანე ცინგლით ჩვენს შეჩერებას!”,– თქვა მან მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.