პირბადის ტარების მაჩვენებელი 43% იცით, რას ნიშნავს?! დიდი შანსია მე-3 ტალღის – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%–მდეა შემცირებული, რაც ნიშნავს, რომ დიდი შანსია მესამე ტალღის.

მისივე თქმით, წესები კვლავ უნდა დავიცვათ, თორემ შესაძლოა შემობრუნდეს შეზღუდვები.

„დრო უნდა, რომ ვაქცინამ თავისი შედეგი გამოიღოს, უნდა გავიდეს, დრო, რომ იმუნიტეტი გამომუშავდეს და მერე მივიღებთ ვაქცინაციის შედეგს. მანამდე პირბადეები, სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავებაა საჭირო. ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ, 70%-დან 43%-მდე შემცირდა პირბადეების ტარების მაჩვენებელი, ნუ იზამთ, ნუ დაიღუპავთ თავს. 43% იცით რას ნიშნავს?! ნიშნავს იმას, რომ არის დიდი შანსი მესამე ტალღის.

მთელ ევროპას ეშინია მესამე ტალღის, გერმანიის კანცლერმა მხარეების პრემიერ-მინისტრებთან შეთანხმებით გაახანგრძლივა „ლოქდაუნი“, ასე შვრება ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი და ე.ი. შეიძლება შემობრუნდეს ისევ ეს ინფექცია, ისევ გამკაცრდეს შეზღუდვები, ისევ გაგვიჭირდეს ეკონომიკურად და ისევ გაგვიჭირდეს ცხოვრება. საჭიროა პირბადეები. ცოტა ხანი გავიჭირვოთ. მოდით, ვიყოთ გონიერები, ვაქცინა შემოვიდა ბოლოს და ბოლოს, ახლა რამდენიმე თვე მოვითმინოთ და პირბადეები ვატაროთ“, – თქვა ცერცვაძემ.