პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო შსს-მ კიდევ 615 პირი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით რეგულაციების დარღვევის გამო 706 პირი დააჯარიმა. კარანტინის წესის დარღვევის გამო 91 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 615 ფიზიკური პირი.

შსს-ს ცნობით, პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის — 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.