პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის დადგენილი არ არის – ტიკარაძე გარდაცვლილ ექიმზე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით “მედ კაპიტალის” ექიმს გარდაცვალებასა და კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას შორის პირდაპირი კავშირი პირველადი კვლევებით დადგენილი არ არის.ას.

“ამ წუთას რეგულირების სააგენტო იმყოფება ადგილზე, თუმცა პირველადი მოკვლევით, პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის, ამ ეტაპისთვის დადგენილი არ არის. მიმდინარეობს მოკვლევა”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

თბილისში, კლინიკა “მედ კაპიტალის” პედიატრიული განყოფილების ექიმი კორონავირუსზე აცრიდან 2 კვირის შემდეგ  გარდაიცვალა. 52 წლის ლალი ჯავახიშვილს მძიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა, ის ჩაფიძის კლინიკაში 29 მარტს შეიყვანეს და  გუშინ გარდაიცვალა.

“მედ კაპიტალის” გენერალური დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ექიმს AstraZeneca-ს ვაქცინის აცრის დროს არანაირი გვერდითი მოვლენა არ გამოვლენია. ის გამორიცხავს რომ ექიმის გარდაცვალების მიზეზი ვაქცინაციო ყოფილიყო.

“ვაქცინის დროს არანაირი გვერდითი მოვლენა არ ჰქონდა ექიმს. ყოველ შემთხვევაში, იქ სადაც გარდაიცვალა იქ შეიძლება გაარკვიოთ, რა დიაგნოზით, რა დაავადებით გარდაიცვალა იქ უნდა გაარკვიოთ.

შესაძლებელია დაავადებები ჰქონოდა, მაგრამ ვაქცინასთან დაკავშირებული არ არის. ოჯახის ექიმი იყო და შესაბამისად, ის რისკები და დაავადებები თვითონაც ძალიან კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული და ის ფორმა და ის ნორმები, რაც იყო ვაქცინაციის წინ განსაზღვრული, ყველაფერი პროტოკოლის მიხედვით მოხდა,-თქვა მაია აბულაძემ.