პირდაპირ თქვით, რომ ჩოლოიანი გყავთ ციხიდან გამოსაყვანი, რა საჭიროა ახლა ეს რიჟა ბაზარი – ვახო სანაია მეუფე ნიკოლოზის განცხადებაზე

“რა საჭიროა ახლა ეს რიჟა ბაზარი. პირდაპირ თქვით, რომ მარიანა ჩოლოიანი გყავთ ციხიდან გამოსაყვანი და სხვები გადასარჩენი”- ასე გამოეხმაურა ტელეწამყვანი ვახო სანაია ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებას.  მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ თავის დროზე ეკლესია დარწმუნდა, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო შემთხვევითობა, ამიტომ 15 წლის ლუკა სირაძეს წესი აუგო.

“რა საჭიროა ახლა ეს რიჟა ბაზარი. პირდაპირ თქვით, რომ მარიანა ჩოლოიანი გყავთ ციხიდან გამოსაყვანი და სხვები გადასარჩენი, ვისაც შეიძლება, პასუხისმგებლობა დაეკისროს ლუკა სირაძის გამო.

მოკლედ, თუ გინდათ, ბავშვი იქ ცხონდეს, თქვით, რომ ლუკა სირაძის სიკვდილი შემთხვევითობაა და დაკავებული გამოუშვითო.

თუ იტყვით, რომ თვითმკვლელობა იყო და ამის გამო ვიღაცები აქ დაისჯებიან, მაშინ ის ბავშვი იქ ვერ ცხონდება, რადგან ჩვენ ლოცვას შევწყვეტთო.

ესაა შინაარსი.”- წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.

წესი ავუგეთ, მაგრამ თუ ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, მაშინ სხვანაირად უნდა მოვიქცეთ- მეუფე ნიკოლოზი ლუკა სირაძის საქმეზე

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.