პირველად ისტორიაში, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი თანამდებობიდან გადააყენეს

პირველად ისტორიაში, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ თანამდებობიდან გაათავისუფლა სპიკერი, რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი. მაკკარტის წინააღმდეგ მისივე თანაპარტიელების მემარჯვენე რადიკალური  მცირე ჯგუფი გამოვიდა, და მათ  დემოკრატიული პარტია თავისი ხმებით დაეხმარა საკუთარი ლიდერის გადაყენებაში.

საბოლოო ჯამში, კევინ მაკკარტის გადადგომას მხარი დაუჭირა 216–მა კონგრესმენმა, მათ შორის მხოლოდ რვა რესპუბლიკელმა, წინააღმდეგი კი 210 იყო.

კევინ მაკკარტიმ შაბათს მოახერხა დროებითი ბიუჯეტის მიღებაზე შეთანხმება, რამაც თავიდან აიცილა მთავრობის და დემოკრატი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დახურვის საფრთხე – და ამავდროულად გააბრაზა მისი რადიკალი თანაპარტიელები.  ერთ-ერთმა მათგანმა, ფლორიდის წარმომადგენელმა მეტ გეტცმა, უკვე ორშაბათს წარადგინა რეზოლუციის პროექტი სპიკერის გადადგომის შესახებ.

კენჭისყრის შემდეგ კევინ მაკკარტიმ თქვა, რომ გეითსის მოტივებს რეალურად არანაირი კავშირი არ ჰქონდა ბიუჯეტთან და რომ ის უბრალოდ პოპულარობის მოპოვებას ცდილობდა.

მაკკარტიმ ასევე თქვა, რომ სპიკერის პოსტზე კენჭისყრას აღარ აპირებს.

დემოკრატიული პარტიის ფრაქციამ მცირე ხნით დაფიქრების შემდეგ გადაწყვიტა სპიკერი არ გადაერჩინა და მის გადადგომას მისცა ხმა.

რესპუბლიკურ პარტიას ახლა აქვს მცირე უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში: 221 ხმა დემოკრატების 212 ხმის წინააღმდეგ.

წლის დასაწყისში კევინ მაკკარტიმ კონგრესის ისტორია დაწერა, როდესაც აირჩიეს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარედ ოთხ დღეში და მეთხუთმეტე კენჭისყრით.  ცხრა თვის შემდეგ მან კვლავ დაწერა ისტორია და გახდა პირველი სპიკერი, რომელიც გადააყენეს.

ექსპერტების თქმით, დღევანდელმა კენჭისყრამ აჩვენა მაკკარტის პოლიტიკური სისუსტე – ისევე როგორც განხეთქილება რესპუბლიკელებს შორის.  სპიკერის პირველად გადაყენებით, წარმომადგენელთა პალატა პროცედურულ–იურიდიულად სრულად ახალ და დღემდე უპრეცედენტო რეალობაში აღმოჩნდა.

ჯერჯერობით ნათელი მხოლოდ ის არის, რომ ახალი დროებითი სპიკერი რესპუბლიკელი პატრიკ მაკჰენრი გახდა.

გაურკვეველია, აქვს თუ არა დროებით სპიკერს მუდმივი სპიკერის ყველა უფლებამოსილება, თუ მას მხოლოდ მხოლოდ ადმინისტრაციული უფლებამოსილება და მომავალი სპიკერის არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს.  ამასთან, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წესდებაში არ არის ნათქვამი, რამდენ ხანს შეისძლება დროებითი სპიკერი იკავებდეს თანამდებობას  და როდის უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები მუდმივმოქმედი სპიკერის ასარჩევად.

ვარაუდობენ, რომ შესაძლოა პალატა ქაოსში აღმოჩნდეს,  სანამ  შემდეგ სპიკერს არ აირჩევს. რესპუბლიკელთა ბანაკში განხეთქილების გათვალისწინებით, ეს პროცესი შესაძლოა ისეთივე პრობლემური აღმოჩნდეს, როგორც მაკკარტის არჩევისთვის ბრძოლა.

რამდენიმე რესპუბლიკელმა განაცხადა, რომ აპირებენ მაკკარტის მემკვიდრეზე 10 ოქტომბერს იმსჯელონ და 11 ოქტომბერს ახალი სპიკერი აირჩიონ.

კენჭისყრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოუწოდა კონგრესს, რაც შეიძლება მალე აირჩიონ ახალი სპიკერი.

„პრეზიდენტი ბაიდენი ყოველთვის ავლენდა ერთგულებას კონგრესში ორივე მხარესთან მუშაობისადმი […] ჩვენი ხალხის წინაშე მდგარი გადაუდებელი საკითხები ვერ მოიცდიან და ის იმედოვნებს, რომ წარმომადგენელთა პალატა სწრაფად აირჩევს ახალ სპიკერს“, – ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებაში.