პირველი არხის წამყვანი: ბოდიში ჩემს მაყურებელს და ბატონ ივერის

პირველი არხის ტელეწამყვანი, ირაკლი აბსანძე დავით-გარეჯის თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული ფილმის გამო ივერი მელაშვილს და მაყურებელს ბოდიშს უხდის. მისი თქმით, ამ ფილმმა ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის ენის გაძლიერებას ხელი შეუწყო. ამის შესახებ აბსანძემ თავის საავტორო გადაცემაში განაცხადა.

“ე.წ. გარეჯის თემაზე ერთი განცხადება მინდა გავაკეთო. მე მგონი ჩემ მაყურებელთან დავალებული ვარ ამით. ამ არხზე, ამავე საეთერო დროს, სხვა დღეს, გავიდა მედიაპროდუქტი ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელმაც, ჩემი აზრით, ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას.

ეს სულ მცირე, რაც შემიძლია შევაფასო, ცდება დემოკრატიული ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტს, რაც ამ გადაცემაში ვიხილეთ, სეკულარული სახელმწიფოს საზოგადოებრივი მაუწყებელს სტანდარტს. ამიტომ, ბოდიში ჩემს მაყურებელს და ბატონ ივერისაც”,– თქვა ტელეწამყვანმა ირაკლი აბსანძემ.