პირველი სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის

თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდ. ამის გამო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადადის.

ამის შესახებ პირველი სკოლის დირექტორი თამარ კაპანაძე ფეისბუქზე წერს:

“დღეს ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს დაუდასტურდა კოვიდ19.

პარასკევს, დღის პირველ ნახევარში, იგი იმყოფებოდა სკოლაში. სიმპტომები კვირას საღამოს გამოუვლინდა. ამიტომაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარასკევს დღის პირველ ნახევარში ის ინფექციის გადამდები ყოფილიყო. ასე რომ, პანიკის არავითარი საფუძველი არ გვაქვს!

თუმცა, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ, რისკის თავიდან აცილების მიზნით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლა 21 ოქტომბრამდე გადავიდეს სწავლების დისტანციურ ფორმაზე”, – წერს კაპანაძე Facebook-ზე.

დღეს საქართველოში COVID-19-ის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 292.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 13 521 შემთხვევაა გამოვლენილი,  7159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 109 კი გარდაიცვალა.