პირველი ქვეყანა, რომელთანაც გვექნება უსაფრთხო მწვანე კორიდორი, ისრაელია – გახარია

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიას თქმით, პირველი ქვეყანა, რომელთანაც საქართველო უსაფრთხო კორიდორს ტურისტების მისაღებად გახსნის, ისრაელი იქნება.

„ტურიზმის მიმართულებით რამდენიმე ქვეყანასთან ძალიან წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს და დარწმუნებული ვართ, მალე დადებითი შედეგებით დასრულდება. პირველი ასეთი ქვეყანა როგორც ჩანს იქნება ისრაელი, რომელთანაც გვექნება უსაფრთხო, მწვანე კოროდორი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ სულ მალე მივიღოთ ტურისტები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, მეზობლებთან და ყველა აღნიშნული მოლაპარაკება უახლოეს მომავალში ლოგიკურ დასასრულამდე იქნება მიყვანილი.

გახარია აღნიშნავს, რომ კრიზისი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა, რომ გლაბლურ კონკურენციაში უფრო ეფექტური და წარმატებული იყოს, მათ შორის ტურიზმის სფეროშიც.