პირველ ტურში საერთო მაჟორიტარებზე პარტიების რიტორიკა შეცვლილია – ზურა ჯაფარიძე

პარტია “გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის რიტორიკა პირველ ტურში საერთო მაჟორიტარი კანდიდატების დაყენებაზე აშკარად შეცვლილია. ჯაფარიძე ფიქრობს, რომ “რაღაც ხდება” და პარტიებს გადაწყვეტილება აქვთ მიღებული.

“რა მოხდა, თქმა გამიჭირდება, არ მაქვს ინფორმაცია. ჩვენთან არცერთ პარტიას არ ჰქონია კონსულტაცია. მე რასაც ვხედავ, ის არის რომ რიტორიკა შეიცვალა. მე ვნახე გუბაზ სანიკიძის განცხადება ნიკა გვარამიასთან, დათო ბერძენიშვილის პოსტი ვნახე, რიტორიკის ცვლილება მაფიქრებინებს, რომ რაღაც ხდება”,- ამბობს ჯაფარიძე მთავარი არხის ეთერში.

მისივე განცხადებით, პრინციპული განსხვავება არსებობს პირველივე ტურში ერთიანი ოპოზიციური კანდიდატების ყოლასა და მეორე ტურში მაჟორიტარი კანდიდატებისთვის მხარდაჭერას შორის და ეს მეორე ვარიანტი, თუნდაც მათემატიკურად, დიდი პარტიებისთვის უფრო მომგებიანია.

ჯაფარიძის აღნიშნავს, რომ ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, ვინ იქნებიან მაჟორიტარული კანდიდატები და ძალიან ბევრი რამ იქნება ამ ფაქტორზე დამოკიდებული.

გირჩის ლიდერი, მაჟორიტარად კენჭისყრის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კენჭს თბილისში, ვაკის რაიონში იყრის.